გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია ლოგიკურია. დავითაშვილის აზრით, საბიუჯეტო დაფინანსებით არ უნდა სარგებლობდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ პროცესში არ მონაწილეობენ.
„ჩვენმა გუნდმა დააფიქსირა პოზიცია, რაც ვფიქრობ, ლოგიკურია. ჩვენ თანხებს როდესაც განვკარგავთ, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც კონკრეტული წარმოშობა არ აქვს. ეს არის გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხა, შეტანილი ბიუჯეტში, რომელიც ნებისმიერმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობით უნდა განკარგოს. თუ პარლამენტში არჩეულ პარტიას აქვს ზუსტად ეს დაკვეთა თავისი ამომრჩევლის მხრიდან, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი, საპარლამენტო პროცესს შეუწყოს ხელი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს საპარლამენტო პროცესი, დემოკრატიის პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ, ვფიქრობ, ლოგიკური იქნება, ამაში გადაიხადონ გადასახადის გადამხდელებმა თანხა და არა იმაში, რომ პასუხისმგებლობის მუხედავად, მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა. რა თქმა უნდა, ამაში გარკვეული ლოგიკა არსებობს“,-განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ეს ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.