"ჩვენ ორგანიზაცია „გავში" გავწევრიანდით სექტემბერში, რომელმაც შექმნა „კოვაქს პლათფორმა" და გვითხრა, რომ როცა ვაქცინა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, ვინც მივიღებთ"

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „გავის" მხრიდან საქართველომ მიიღო პირობა, რომ როდესაც კორონავირუსის ვაქცინა პოტენციურად გამოჩნდება, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მას მიიღებს. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინის ქვეყანაში შემოსატანად საქართველოს საავანსო თანხა გადახდილი აქვს.

„არის ორგანიზაცია „გავი", რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ასოცირებული ორგანოა და რომელიც წლების განმავლობაში ჩვენც და მთელ მსოფლიოს აძლევდა სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული და საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია. ჩვენ „გავში" გავწევრიანდით სექტემბერში, რომელმაც შექმნა „კოვაქს პლათფორმა". გვითხრა, რომ როდესაც ვაქცინა პოტენციურად იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, ვინც მივიღებთ. მიმართა ქვეყნებს შემოგვიერთდით, პირველადი შეკვეთა შეგიძლით განათავსოთ არაუმეტეს 20%-ისა. ჩვენ მაშინვე დაახლოებით 800 000- ერთეულზე გავაკეთეთ შეკვეთა, ერთ ადამიანზე 2 დოზა. გადავურიცხეთ საავანსო თანხაც და როგორც კი „კოვაქს პლათფორმაზე" რომელიმე ვაქცინა შევა, მიღებას დავიწყებთ. ამავდროულად, ასევე ჩვენს მეგობარ სხვადასხვა ქვეყნებთან არის მოლაპარაკება, რომლებმაც შესაძლოა, პირდაპირ მომწოდებლებიდან უფრო ადრე მიიღონ ვაქცინა. ანუ არ დაელოდონ „კოვაქს პლატფორმას" და ისინიც გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის შეიძლება რაღაც რაოდენობის მობილიზაცია გააკეთონ. ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით არ არის მეტი სიცხადე. როგორც კი იქნება მეტი სიცხადე, თუ რომელი ფარმაცევტული კომპანიის ვაქცინა იქნება და რა ფასში იქნება, გამჭვირვალედ გეცოდინებათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.