2021 წელს მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ს 60%-ზე იქნება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ფისკალური წესების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წლისთვის მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ს გაუტოლდება. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ოფისისგან განსხვავებით ხელისუფლებამ მომავალ წელს ვალის მოცულობა მშპ-სთან 60.8%-ით განსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა გადაცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება რისკებზეც. საბიუჯეტო ოფისი ვალის მდგრადობის დარღვევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის გაცვლით კურსის გადაჭაბებულ გაუფასურებას ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი მთლიან ვალთან მიმართებაში თითქმის 80%-ს შეადგენს, ანუ გამოდის, რომ თუნდაც ერთჯერადი 10%-იანი ლარი/დოლარი გაცვლითი კურსის გაუფასურება დაარღვევს, როგორც ვალის, ისე დეფიციტის წესს როგორც 2022 წლისათვის, ისე საშუალოვადიანი პერიოდისათვის.

ნოდარ სირბილაძე