სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები კვლავ ელიან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას - შეძლებენ თუ არა მოლების, მაღაზიების გახსნას 24 დეკემბრიდან და შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებას.
როგორც ცნობილია, სავაჭრო მოლები და მაღაზიები 28 ნოემბრიდან დაიკეტა. როგორც მაშინ დაანონსდა, სავაჭრო ცენტრებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნების შესაძლებლობა ექნებოდათ. თუმცა, მოგვიანებით კეთდებოდა განცხადებები, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნა და 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
სავაჭრო ცენტრების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ 21 დეკემბერს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დრომდე მათთვის უცნობია, შეძლებენ თუ არა 24 დეკემბერს გახსნას. როგორც მაღალაშვილი აცხადებს, მათთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ყოფილა. მისივე თქმით, თუ დღის ბოლომდე არ ექნებათ ინფორმაცია, სავარაუდოდ, ბიზნესომბუდსმენს მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას 18 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან მოისმინა, რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, როგორ შეძლებენ ობიექტები მოქალაქეთა ნაკადების ეფექტურად მართვას. როგორც რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, სავაჭრო ობიექტების მხრიდან ორი ძირითადი წინადადება იყო შეთავაზებული - ერთი შეეხებოდა ობიექტის გარეთ, ხოლო მეორე - ობიექტის შიდა სივრცეში ნაკადების მართვას.
„მთავარი რისკი იყო რიგების უკონტროლობა. ჩვენ ორი რამ შევთავაზეთ. 1-ლი - მომხმარებლების ქცევა ისე შეგვეცვალა, რომ დღის 1-ელ და მეორე ნახევარში გადანაწილებულიყო და თანაბარი ნაკადი მოსულიყო მომხმარებლის. ამას მივაღწევდით იმით, რომ ნივთის გადაცვლა-დაბრუნება და მოსასინჯი ოთახები დაიშვებოდა მხოლოდ 15:00 სთ-მდე. რაც შეეხება ობიექტის გარე სივრცეს, სავაჭრო ცენტრებმა გამოთქვეს მზაობა, რომ რიგის გამყოფები დაემონტაჟებინათ და გაეძლიერებინათ დაცვა, რათა რიგები ემართათ და დისტანციის დაცვაც უზრუნველყოფილი ყოფილიყო,“-აღნიშნა მაღალაშვილმა.