„სძინავს ეროვნულ ბანკს - ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა“, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც კი რუსეთის ВТВ ბანკმა გადაწყვიტა სოხუმში საკუთარი ბანკომატის გახსნა, დავურეკე მოსკოვში მათ ხელმძღვანელობას და გავაფრთხილე, რომ ამას მოყვებოდა თბილისში მათი ბანკისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა. მას შემდეგ გავიდა 14 წელიწადი და აფხაზეთში ამ ბანკის ჭაჭანებაც არაა. ახლა გაირკვა, რომ თურმე თურქული ”იშბანკი” და ”ზირაათბანკი”( ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბანკია) თანამშრომლობენ აფხაზეთთან, ასევე სომხეთის, ბელარუსის, უზბეკეთის, რუსეთის ბანკებიც.
სძინავს ეროვნულ ბანკს. როგორც კი მსგავსი ფაქტების შესახებ შევიტყობდით, მომენტალურად საქმის კურსში ვაყენებდით FATF-ს( შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია). ნახოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ჩემი წერილების ასლები და იმოქმედოს როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, ეს საქმე მიუშვიათ ძალიან,“- წერს გოცირიძე.