ვიბრძვით გადარჩენისთვის - ასეთია თბილისში მოქმედი ტექნიკის არაბრენდული მაღაზიების მფლობელების პასუხი კითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ „ლოკდაუნის“ პირობებში მუშაობას.
ამბობენ, რომ თვითღირებულების ზრდის მიუხედავად, პროდუქცია პირდაპირპროპორციულად არ გაუძვირებიათ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ გადარჩნენ და უკვე შემდგომ, ყველაფრის ნულიდან დაწყება არ მოუწიოთ.
როგორია არაბრენდირებული ტექნიკის მაღაზიების რეალიზაცია შეზღუდვების პირობებში, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ტექნიკის რამდენიმე არაბრენდულ მაღაზიას დაუკავშირდა. მათი მფლობელების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან დღემდე, მკვეთრად გაუფასურდა ლარი და შესაბამისად, გაძვირდა იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, ფასს ვერ ზრდიან, რადგან ისედაც შემცირებული გაყიდვების პირობებში, მომხმარებელი აღარ დააფრთხონ.
,,ყველაფერი გაძვირდა, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის, პურიდან დაწყებული ძვირადღირებული სუნამოებით დამთავრებული და როგორ შეიძლება არ ასახულიყო ეს ტექნიკაზე, რომელიც სრულად იმპორტირებულია? მიუხედავად ამისა, ვერ ვზრდი ფასს მე პირადად. მოხმარებელი ისედაც ცოტაა და კიდევ, რომ გავზარდოთ ფასი, უბრალოდ, აღარავინ იყიდის და გადარჩენას ვერ შევძლებთ“-ამბობს ტექნიკის მაღაზია ,,ტექ-ნიკას“ მფლობელი ,,ბიზნესრეზონანსთან“.
მცირე მაღაზიების ძირითადი პრობლემა შეზღუდვებთან ერთად დიდ ბრენდირებულ მაღაზიებთან კონკურენციაში შესვლაა.
„ყველაზე რთული შეზღუდვების დროს დისტანციურ მუშაობაზე გადაწყობა იყო. დიდ ქსელებს ამ მხრივ ისედაც გამართული სერვისი აქვთ და მცირე მაღაზიებს ძალიან გაგვიჭირდა. მათ უკვე დაკავებული ჰქონდათ ეს ნიშაც. მით უფრო, რომ ეს რეკლამას და საზოგადოებისთვის თავის გაცნობას საჭიროებს სოციალური ქსელებით მაინც. გარდა იმისა, რომ ეს ცალკე თანხა ჯდება, სპეციფიური ცოდნაც სჭირდება, რაც არ მქონდა, არ მქონდა არც ფინანსური რესურსი ახალი კადრისთვის.
საბოლოო ჯამში პირველი კარანტინიდან დღემდე, მეტ-ნაკლებად ეს უნარები შევიძინეთ. უბრალოდ, პირველ ჩაკეტვასთან შედარებით, ახლა ნაკლებად ყიდულობს ხალხი პროდუქციას, რომელიც პირველადი დანიშნულების არ არის. პირველადაა, რომ წინასაახალწლოდ, ასეთი შემცირებული გაყიდვები გვაქვს. რეალიზაცია ისეთია, როგორიც წინა თვეებში, მაგრამ წინა წელთან შედარებით, ალბათ, 70%-ით ნაკლები მაინცაა“- აცხადებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის მფლობელი, მარინა ტაბატაძე.
„ვყიდით იმ შემთხვევაში, თუ ხალხს უფუჭდება რამე და გადაუდებელი აუცილებლობა აქვთ, რომ გამოცვალონ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, არაფერი იყიდება. დაახლოებით 2 თვის წინ, ფასის მცირედით გაზრდა მოგვიწია, ლარი რომ გაუფასურდა. მაგრამ ეს არ იყო პროპორციული იმის, რამდენადაც გაიზარდა ჩამოტანის ღირებულება. წაგებაზე რომ არ გვემუშავა და ბაზარზე გავძლოთ, იმისთვის მოვამატეთ ფასი“-აცხადებ ტექნიკის მაღაზია ,,T&T”-ს მფლობელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.