ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულიდან დღემდე, 25-დან 65-მდე გაიზარდა. როგორც ტიკარაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე განაცხადა, ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ 250 000-მდე ზარზე მოხდა რეაგირება.
„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ფართო წვდომა გეოგრაფიული და მოცულობით თვალსაზრისით და 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრში მათ შეუძლით ისარგებლონ ტესტირებით, ამის საჭიროების შემთხვევაში. დღეისთვის არის ჩატარებული 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი. პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა. დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, დღეს კორონავურუსით ინფიცირებულთა მკურნალობაში 13 300-ზე მეტი ექიმია ჩართული.
“ინფიცირების შემთხვევების 60%-ზე მეტი ბინაზე მკურნალობის რეჟიმშია. ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა ნახევარი რჩება ბინაზე და კლინიკაში რეფერალის საჭიროება არ არის მაღალი, ცხადყოფს, რომ პროცესი ეფექტიანად მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა მედპერსონალი იყოს მუდმივად ინფორმირებული განახლებადი მიდგომების შესახებ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ოჯახის ექიმების გადამზადებას. ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება განხორციელდა 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფლის ექიმების სრული გადამზადება მოხდა. გასულ თვეში ჯანდაცვის სამინიატრომ საკუთარ ბაზაზე შექმნა ორი ონლაინ კლინიკა, რომელშიც ჩართულია 228 თანამშრომელი ორი მიმართულებით. ერთი მიმართულება რჩება ოჯახის ექიმის მიმართულება, მეორე არის მონიტორის მიმართულება, რომელიც ჩვენი ექიმების მომსახურების ხარისხს აკონტროლებს. მხოლოდ ამ ორი ონლაინ კლინიკის მხრიდან 28 ათასზე მეტი სიმპტომური პაციენტია ნამართი და ამ ერთი თვის განმავლობაში 112 ათას ზარზე მეტზე არის რეაგირება განხორციელებული. მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამსახურის ხარისხის კონტროლის მიზნით მოხდა 303 ათას პაციენტთან დაკავშირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.