„2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა"

2020 წელს, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის 31 დეკემბრისთის დავალიანება 160 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.

„ჯანმთელობის ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეძლო ადმინისტრირების იმგვარი მოწესრიგება, რომ უკვე დავძლიეთ არაერთი გამოწვევა. მათ შორის, კლინიკებისადმი ფინანური ანგარიშსწორების ვადები შემცირებულია და მოწესრიგდა. ეს საკითხი მუდმივად წარმოადგენდა სამინისტროსა და პროვაიდერებს შორის დავის საგანს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ჯამური დავალიანება შეადგენდა 361 მილიონ ლარს. 2020 წლის იდენტური პერიოდისთვის დავალიანება იქნება არა უმეტეს 160 მილიონი ლარისა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის მანძილზე კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მილიონი ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათი ერთი თვის ვალდებულება წინასწარ გადავუხადოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, პროგრამების ყოველთვიური ხარჯი 72 მილიონი ლარიდან 56 მილიონ ლარამდე შემცირდა მაშინ, როდესაც გაწეული მომსახურების მოცულობა მკვეთრად არ შემცირებულა.