ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლის გაზაფხულამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 400 საწოლი დაემატება.

„პანდემიამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გააჩინა ახალი შესაძლებლობები, მიუხედავად თანმდევი სირთულეებისა, მაინც მოხერხდა რესურსების მობილიზება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა სოფლის ასი ამბულატორია, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას აძლევს გეოგრაფიული ბარიერის გარეშე მიიღონ დიაგნოსტიკური მომსახურება. მიმდინარე კვირაში თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩვენ გვექნება 400-ზე მეტი საწოლი, რომელიც ინტენსიური პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო უახლოეს მომავალში, მომავალი წლის გაზაფხულამდე ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ დავამატებთ 400 საწოლს, რომელიც სრულად იქნება ჩართული პანდემიის მართვაში,“- განაცხადა ტიკარაძემ.