ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სასტუმროებში არსებული რესტორნებიც მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 21:00 საათის შემდეგ აღნიშნული სასტუმროებისთვის მხოლოდ ნომერში მომსახურება იქნება დაშვებული.
„დღეს სათხილამურო კურორტების გარდა, დაშვებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების ფუნქციონირება და ამასთან, ამ სასტუმროებთან არსებული რესტორნების მუშაობა სასტუმროების სტუმრებისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ სასტუმროები ხშირად ცდილობენ გვერდი აუარონ ამ აკრძალვას, ისევე როგორც ცდილობენ, გვერდი აუარონ კულტურული და სხვა ტიპის გასართობი ღონისძიებების აკრძალვას და გვთავაზობენ საახალწლო ღამეს სადღესასწაულო სუფრის გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე და 21:00 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი, სხვა რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძლებენ ფუნქციონირებას მხოლოდ მიტანის ან გატანის სერვისით”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.