21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილის თქმით, მათი მოწოდებაა, რომ ვიწრო საოჯახო წრეში აღინიშნოს ახალი წელი.

„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21 საათიდან დილის 5:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.