მეიჯარეები კვების ობიექტების ნაწილს ფართებს აცლევინებენ - „თუ ეს პაუზა გაგრძელდა, რესტორანი უბრალოდ, აღარ დარჩება“

„თუ 1-ელ თებერვლამდე არ გავიხსნებით, შესაძლოა, რესტორნებმა ფუნქციონირება საერთოდ ვეღარ შეძლონ“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს. როგორც შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, უკვე მრავლად არის შემთხვევები, როდესაც მეიჯარეები კვების ობიექტებს ფართებს აცლევინებენ, რადგან ამ ბიზნესში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. შესაბამისად, ობიექტების გაქირავებას სხვა მიმართულებით გეგმავენ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ თებერვლამდე რესტორნების მუშაობა არ განახლდება. იმუშავებს მხოლოდ მიტანის სერვისი. ამასთან, არ იფუნქციონირებს სავაჭრო მოლებში არსებული კვების ობიექტები, მათ შორის, არც ამ ობიექტებიდან გატანის სერვისი.

„რესტორნების გახსნის თარიღი თავიდანვე ითქვა, რომ 1-ლი თებერვალი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ წარვუდგინოთ ჩვენი არგუმენტები. კერძოდ, თუ 1-ელ თებერვლამდე არ გავიხსნებით, შესაძლოა, რესტორნებმა ფუნქციონირება საერთოდ ვეღარ შეძლონ. ამხელა პაუზა ძალიან რთულად გადასატანია ბიზნესისთვის. აქ არის შემდეგი სახის პრობლემები: გარდა იმისა, რომ პაუზის შემთხვევაში რესტორნებს აქვთ დიდი ზარალი, იგივეს განიცდიან სადისტიბუციო კომპანიებიც. ეს ჯაჭვური რეაქციაა.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საიჯარო ხელშეკრულებები. აქ საკითხი დგას ასე, იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე გარკვეულწილად რაღაც შეღავათზე მიდის და კვების ობიექტს თანხას არ ახდევინებს, ამდენხნიანი დაპაუზების შემდეგ, რამდენად ექნება მას შესაძლებლობა, რომ ეს შეღავათები გააგრძელოს?! მეორე საკითხია, თუ მეიჯარე რესტორანს ისედაც არ უწევს ანგარიშს, არაოპერირების შემთხვევაში, თავად კვების ობიექტს რამდენად ექნება რესურსი, რომ ეს იჯარა გადაიხადოს?! უკვე არის რიგი შემთხვევები და საკმაოდ მრავლად, როდესაც რესტორნებს მეიჯარეები ფართებს აცლევინებენ. იმიტომ, რომ ამ ბიზნესში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ და ცდილობენ, უკვე სხვა მიმართულებით გააქირავონ ფართები. შესაბამისად, ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში, რამდენი რესტორანი დაიცლება და რამდენი შეწყვეტს ფუნქციონირებას, ეს ძალიან პრობლემატური საკითხია... და თუ ეს პასუზა გაგრძელდა, რესტორანი უბრალოდ აღარ დარჩება“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ნინი ქეთელაური