დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალებაა, რომელიც ყველა ავადმყოფზე არ ინიშნება. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ქვეყანაში „რემდესივირის“ საკმარისი რაოდენობაა.
„რემდესივირი“ პაციენტებზე არ გაიცემა. ეს პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება. მისი პროტოკოლი შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს თენგიზ ცერცვაძე. ყველა კლინიკაში, სადაც „რემდესივირის“ გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია. როგორც ვიცი, დაახლოებით 600-700 ავადმყოფზეა გათვლილი. მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს. ის ყველა ავადმყოფზე არ ინიშნება, ასევე არ ინიშნება მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფებზე“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პრეპარატ „რემდესივირს“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყენებენ.
„როგორც ვიცი, „რემდესივირის“ გამოყენებას კვლევის ფორმა არ აქვს. ის იყო ჩართული „სოლიდარობის კვლევაში“, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აწარმოებდა და რომლის მიხედვით, საქართველოს ის უნდა მიეღო. ახლაც „რემდესივირი“ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, რადგან ის დამტკიცებულია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის მიერ, როგორიც გახლავთ ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია“,-განცხადა გამყრელიძემ.