პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დროებითი ინსტრუმენტები აამოქმედა: სავალუტო სვოპი, მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მხარდამჭერი ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტი,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.
„2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. აღნიშნულ ფონზე, აპრილში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა. თუმცა შემდგომ თვეებში ეტაპობრივი კლების ტენდენცია გამოიკვეთა. სექტემბერ-ნოემბერში კი წლიური ინფლაცია 3.8%-ზე შენარჩუნდა. არსებულ ვითარებაში, პანდემიის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით შეამცირა, თუმცა აგვისტოს შემდეგ განაკვეთი 8 პროცენტიან დონეზე შენარჩუნდა. ამ ეტაპზე, მაღალი დოლარიზაცია არ გვაძლევს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას",-აღნიშნა მან.
კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე საბაზო პროგნოზის მიხედვით, სამომხმარებლო ფასებზე როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორების საყურადღებო ზეგავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ერთი მხრივ, საგარეო მოთხოვნის გლობალური პანდემიით გამოწვეული ვარდნა და შიდა აქტივობის უპრეცედენტო შეზღუდვები წარმოების ხარჯებს შესამჩნევად მაღალ დონეზე ტოვებს. კერძოდ, შეზღუდვების გამო პროდუქციის ერთეულზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი და წინა პერიოდში გაუფასურებული გაცვლითი კურსის ეფექტები, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის ფონზე, ინფლაციას ზემოთ უბიძგებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ ზეწოლას ნაწილობრივ აკომპენსირებს მკვეთრად შესუსტებული მოთხოვნა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ფისკალური ხარჯების არსებული და დაგეგმილი გააქტიურება, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, მაგრამ იმავდროულად მოსალოდნელია, რომ, მოხმარების ზრდის ფონზე, მას ფასებზე დამატებითი ზეწოლა ექნება. თუ ეს უკანასკნელი ინფლაციის მოლოდინებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაშინ, ამ გავლენის ზომის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მისი დამატებით ზომიერად გამკაცრება გახდება საჭირო. თუმცა, ინფლაციური რისკების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული ფაზიდან ეტაპობრივი გამოსვლაა მოსალოდნელი,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.