წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებაში 14%-ით გაუფასურდა, მაშინ, როდესაც თურქული ლირა 29%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 21%-ით, უკრაინული გრივნა 18%-ით, სომხური დრამი - 9%-ით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
კობა გვენეტაძის განცხადებით, როდესაც კურსს ვუყურებთ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ის ფუნდამენტური ფაქტორებით ფორმირდება, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ასე არაა. მისივე თქმით, სებ-ი რეზერვების გაყიდვას 2021 წელსაც გააგრძელებს.
„თუ მოკლევადიან პერიოდში პოპულისტური ნაბიჯები გადავდგით და კურსი დავიცავით, ეს მდგრადი არ იქნება. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე, სიტუაციის არასწორი ანალიზი, იღებენ მოკლევადიან, ერთ კვირიან პერიოდს, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან, მაგრამ ყოველთვის ვამბობთ, რომ შევხედოთ, გრძელვადიან პერიოდს. რეგიონის ვალუტებს რომ შევხედოთ, წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებაში 14%-ით გაუფასურდა, მაშინ, როდესაც თურქული ლირა 29%-ით გაუფასურდა, რუსული რუბლი 21%-ით, უკრაინული გრივნა 18%-ით, სომხური დრამი - 9%-ით. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს რეზერვები, რომელიც გარკვეულ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. ახლა, როდესაც აუცილებელია ვხარჯავთ რეზერვებს, 886 მილიონი დოლარი გავყიდეთ, მოველით, რომ შემდეგი წელსაც შეგვიძლია გაყიდვა“, - აღნიშნა გვენეტაძემ.