კომპანია MGM Holdings Inc., რომელიც ფლობს ლეგენდარულ ამერიკულ კომპანიას Metro-Goldwyn-Mayer, კომპანიის გაყიდვის შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი მტკიცებით, MGM-მა უკვე მოიხმო Morgan Stanley და LionTree LLC კონსულტანტების სახით და გაყიდვის ფორმალური პროცესი დაიწყო.
ცალკეული შეფასებით, კომპანიის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5,5 მილიარდ დოლარს. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ მათ მიმართ ინტერესი მათი ბიბლიოთეკის გამო უნდა გაჩნდეს იმ ტიპის კომპანიებისგან, რომელსაც სტრიმინგ სერვისის განვითარება სურს.
კინოსტუდია ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ შეეცადა გაყიდვას, თუმცა პოტენციურმა მყიდველებმა ამ თანხის გადახდაზე საბოლოოდ უარი თქვეს. ამჯერად კი კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათ მიმართ ინტერესი უნდა გაჩნდეს არამხოლოდ ჰოლივუდის ტრადიციულ მოთამაშეებში, არამედ საერთაშორისო მედიაკომპანიებში და კერძო ინვესტორებშიც.
ამ დროისთვის MGM-ის უმსხვილესი აქციონერია ჰეჯ-ფონდი Anchorage Capital Group. ბოლო წლებში ის კლიენტების გადინების გამო წნეხის ქვეშ მოექცა.
MGM ფილმების დისტრიბუციითაა დაკავებული. კინოსტუდიას ეკუთვნის უფლება ისეთ საკულტო ფილმებზე, როგორიცაა „როკი“, „კრავთა დუმილი“, „წვიმის კაცი“, „ტერმინატორი“, „მხევლის წიგნი“ და „ვიკინგები“. ის ასევე Danjaq LLC-თან საზიაროდ ფლობს უფლებას საკულტო ჯეიმს ბონდის შესახებ ფილმებზე, ეს მისი უმსხვილესი აქტივია.