ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის" პროგრამის ნაწილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად.
„გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“,-აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.