მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ადამიანებისთვის, იმ ინდმეწარმეებისთვის, ვინც სავაჭრო სექტორში მუშაობს, ვინაიდან მათი შემოსავლები და მათ მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნება დიდად იყო დამოკიდებული გარკვეული შესაძლებლობების მიცემაზე, რომ წინასაახალწლოდ ივაჭრონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, ეკონომიკურ გუნდს და პირადად მას არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია ჰქონდა სავაჭრო ობიექტებთან და ძალიან დიდი ნაწილი იმ შეზღუდვების და წესების, რაც დღეს გამოცხადდა, სწორედ სავაჭრო სექტორიდან მოდის.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მხრიდან თავს მოხვეული შეზღუდვები, ეს არის სავაჭრო ობიექტების შემოთავაზებები, რაც მათ შეიმუშავეს და ჩვენთან შეხვედრაზე გაავრცელეს. სავაჭრო ობიექტები მზად არიან, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ. ეს ეხება სამუშაო საათებს, რიგების მართვის სისტემას. გარდა ამისა, ეს ეხება ძალიან მნიშვნელოვან გადაწვეტილებას და მიგნებას, რაც თვითონ შემოგვთავაზა სავაჭრო სექტორმა, რომ ფასდაკლებები გავრცელდეს ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე, რათა ამით წახალისდეს დისტანციური ვაჭრობა და მოხდეს ძირითადად დღის პირველ ნახევარში, დილის საათებში, რაც გადაანაწილებს მომხმარებლების მასას საათების მიხედვით და ნაკლები მობილობა შეიქმნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.