კომპანია ENKA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმერეთსა და ლეჩხუმში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია - „რიონის ხეობის განვითარების ასოციაცია“ დაარსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ENKA ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, როგორც ცნობილია, ENKA, რომელიც წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროექტის არეალში არსებულ სოფლებში მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. კომპანიის ამ პოლიტიკის ფარგლებში ახალდაფუძნებული ასოციაციის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობით, მეღვინეობითა და მეფუტკრეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი ENKA მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიად არის აღიარებული. ჩვენს საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. ეს ეხება როგორც სამშენებლო პროცესსა და უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფას, ასევე მდგრად განვითარებაზე ზრუნვას, რაც მათ შორის საპროექტო არეალებში მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ნამახვანის პროექტი საქართველოში ჩვენი კომპანიისთვის რიგით მეორეა - 2014-2020 წლებში გარდაბანში, წალკასა და ახალციხეში წარმატებით განვახორციელეთ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტი (SCPX), რომელშიც ENKA გენერალურ კონტრაქტორად იყო წარმოდგენილი. იმავე პერიოდში ჩვენ მრავალი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, ძირითადი მიმართულება კი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა იყო. რიონის ხეობაში ბევრად უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. მაგალითად, ვგეგმავთ ადგილობრივი თაფლის ექსპორტზე გატანას და ამ საკითხზე უკვე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ზეკი ქოჯაოღლუმ.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ასოციაციის შექმნით ENKA ასევე ხაზს უსვამს მის მზაობას, ითანამშრომლოს მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებთან, მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა ტვიშის მიკროზონის განვითარება.