,,ქვეყანაში სულ 9 სასტუმრო მუშაობს და დღეს, ხელისუფლებამ მათ უთხრა, რომ ახალი წელი არ იქნება“ -შალვა ალავერდაშვილი

,,ქვეყანაში სულ 9 სასტუმრო მუშაობს და დღეს ხელისუფლებამ მათ უთხრა, რომ ახალი წელი არ იქნება“ - ასე შეაფასა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელმა, შალვა ალავერდაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასტუმროებს აეკრძალათ საახალწლო საღამოების გამართვა.

,,მოდით, თავიდან ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ქვეყნაში დღეს სულ 9 სასტუმრო მუშაობს, მეტი არა და მათ, დღეს ხელისუფლებამ უთხრა, რომ ახალი წელი არ აღნიშნონ. სხვა დროს კი იმუშაონ ჩვეულებრივად, იმ მკაცრი შეზღუდვების დაცვით.

ზამთარში ადამიანები ბუნებრივია, ზამთრის კურორტებზე მიდიან. რადგან ყველა კურორტი დაკეტილია და ასეც დარჩება, ალტერნატივა იყო ბარის სასტუმროები, რომ ახალი წელი აღენიშნათ. მათ უთხრეს, რომ წელს ახალი წელი არ იქნება“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასტუმროებში განთავსებული რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. ეს აკრძალვა იმოქმედებს ახალი წლის დღეებშიც.

თამარ მუკბანიანი