ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება იქნება

მომდევნო წლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წელს პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, თავდაცვის ძალები საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანით აღიჭურვა.

მისივე თქმით, შემდგომ წლებში სსსტც „დელტა“ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შექმნას გააძლიერებს.

მინისტრობის კანდიდატმა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლოჯისტიკური საშუალებების მოდერნიზაციის კუთხით და ე.წ. საბჭოთა კავშირის სპეც-ტექნიკის თანამედროვე ბრენდებით ჩანაცვლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ცნობილ ბრენდებთან, რომლის ფარგლებში 500 ერთეული სპეც-ტექნიკა შევიძინეთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.