საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო და შედეგად, დაახლოებით, 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა. სამოქმედო გეგმებზე საუბრის შემდეგ, მან 2020 წელს განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურული განახლების პროცესზე.