ახალ წლამდე ერთი კვირა რჩება. ახლა, წესით აგრარულ ბაზრებში მომხმარებელთა სიმრავლე უნდა იყოს, თუმცა ბაზარში თუ წახვალთ, ხალხმრავლობას ნამდვილად ვერ ნახავთ.
უფრო მეტიც, მყიდველი თითქმის არ არის. მოვაჭრეები მომხმარებლების სიმცირეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას უკავშირებენ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დეზერტირების მოვაჭრეები უყვებიან, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრასპორტი აიკრძალა, ბაზარში მუშაობამ აზრი დაკარგა.
„ერთი წელია ხალხს არ უმუშავია, ფული არავის აქვს და აქ ვინ მოვა და გოჭს ვინ იყიდის? მყიდველი ფიზიკურად არ არის“, - ამბობს მოვაჭრე ზაზა წოწონავა.
ერთ-ერთი მოვაჭრე დალი ციცხვაია ამბობს, რომ დღის განმავლობაში ჩეკის ფულს ძლივს აგროვებს და სახლში ხელცარიელი ბრუნდება.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხი ბაზარში არ დადის, მეტრო და ავტობუსი არ მუშაობს. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ხალხს განწყობა აღარ აქვს, ადრე რომ უხაროდათ ახალი წელი, ახლა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ახლა არის ბრძოლა არსებობისთვის, რომ ლუკმა-პური წაიღოს ხალხმა სახლში“, - ამბობს მოვაჭრე დალი ციცხვაია.
აგრარულ ბაზრებში იმასაც ამბობენ, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასები მომატებულია, თუმცა მყიდველი არ არის და იძულებული ხდებიან მეორე დღეს ფასი დააკლონ და იაფად გაყიდონ, რომ პროდუქტი არ გაუფუჭდეთ.
„დღეში ვიხდი ჩეკის ფულს, 31 ლარს, ყველას ვეხვეწები, დასხდნენ ჩემს ადგილზე და ნახონ რა დღეში ვარ. სახლში არაფერი მიმაქვს. ამ სიცივესა და პანდემიაში ტყუილად გამოვდივარ სახლიდან. უკვე ისეთი სიტუაციაა, დღეში 200 ლარის პროდუქტი რომ გავყიდო, ჩემი თავი მეფე მეგონება. გასულ წლებში ბარბარობის წინა დღეებში 4 ადამიანი ვდგებოდით დახლში და ისე ვმუშაობდით, იმდენი ხალხი იყო, ვერ ავუდიოდით. წელს ბარბარობას კი არა, ახალი წლის წინა დღეებია და ლამის დახლზე ჩამოგვეძინოს“ - ეუბნება „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთი მოვაჭრე.
თიკო გურაშვილი