საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი მთავრობის. ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტიანობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამთავრობო პროგრამის, ფისკალური კონსოლიდაციის და საერთოდ საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“, - განაცხადა გახარიამ.