დავით სერგეენკოს განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მიმართულია იქითკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია იქითკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის.

„მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია, რასაც მეც ვიზიარებ, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, ეს ხმა არ მიუციათ ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ ხმა მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის 4 - წლიანი მანდატი.

ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი არის ამ მხრივ გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გადასადგმელი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ იქნება მოლაპარაკების კარის დახურვა, არამედ პირიქით, ახალი შესაძლებლობების მიცემა“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს გაეცნო, დღესაც განხილვისას ყურადღებით მოისმენს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მხარდაჭერის შესახებ.

„ყურადღებით მოვისმენ და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ნეგატივი დაინახოს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება და დღეს იქნება მსჯელობა, მიმართულია იქითკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.