„პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება"

პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე პირველი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ სერვისის მიღებისას მოქალაქეების „ჯიბიდან გადასახდელები“ შეამციროს.

„გლობალური პანდემიის პირობებში და ეპოქაში განსაკუთრებული სფეროები არსებობს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან. ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები - რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელწიფო სოციალური პროგრამები. აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას თითოეული ჩვენი მოქალაქის შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ თითოეული ჩვენი სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულის, დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელწმიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს. ამიტომ ის პროგრამები, რომელიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, ეს პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება,“ - განაცხადა გახარიამ.