ენგურის მოსალოდნელი შეჩერება მომავალ წელს ელექტროენერგიის დამატებით დეფიციტს შექმნის - IDFI

ენგურის მოსალოდნელი შეჩერება მომავალ წელს დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. თუმცა, მომდევნო წლებში გენერაცია მოსალოდნელია გაიზარდოს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2020 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელექტროენერგიის დეფიციტი 7.5%-ით გაიზრდება აღნიშნულ პერიოდში და 1.9 ტვტ. სთ. მიაღწევს 2025 წელს,“-აღიშნულია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

ცნობისათვის, "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები - 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.

"ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი. ზამთრის პერიოდში, ენგურისა და ვარდნილის გამომუშავებული ენერგიიდან, თითქმის 90-100% აფხაზეთის დენით მომარაგებას ხმარდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

თაია არდოტელი