„ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ის ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და გლობალური პანდემია დასრულდება"

ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, დაზუსტებით დღეს ვერავინ იტყვის, როდის იქნება საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე არის იმ კოვაქსპლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქრთველოში შემოტანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ უკვე წინასწარ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი გადახდილიც გვაქვს. თუმცა, დღეს ვერავინ ზუსტად ვერ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც დაიწყებს პირველ რიგში რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკები შევამციროთ და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები - ხანდაზმულები და იმ პროფესიის ხალხი, რომელსაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა. ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას ევროპაში და ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება“, - განაცხადა გახარიამ.