გიორგი გახარიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა მედიკამენტებზე ფასის შემცირება იქნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასის შემცირება იქნება.

როგორც გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული.

„ჯანდაცვა ქვეყნის მმართველობით სისტემაში ჩვენი სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემაა. ამიტომ ჯანდაცვის რეფორმირება ვერ ხდება ორ, სამ და ხუთ წელიწადში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის იმ მდგომარეობას, რაც იყო რვა წლის წინ. პირველი ამოცანა რაც იყო, ეს იყო უბრალოდ, ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაჩენა თითოეული მოქალაქისთვის. სიცოცხლის პრობლემა იყო პრობლემა. შესაბამისად, ამის პასუხი იყო საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც განხორციელდა. არც საყოველთაო ჯანდაცვაა დღეს იდეალური, მასაც შემდგომი რეფორმირება სჭირდება და ეს რეფორმირება ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია. თუმცა, ჯიბიდან გადახდის შემცირება არის შემდგომი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ უნდა უპასუხოს, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და რეფორმირებას. ეს ორი მონაცემი და ეს ორი გამოწვევაა ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომელსაც მან უნდა უპასუხოს უახლოეს პერიოდში. აქ შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტები იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, შედეგი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასი უნდა შემცირდეს და როგორც შედეგი, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს. რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის, ეს არის რეფორმის ნაწილი. მთავარი ამოცანა არის, რომ ამან არ უნდა იმოქმედოს ხარისხზე და მკურნალობის ეფექტიანობაზე. ამ ამოცანას ჯანდაცვის სამინისტრო შეასრულებს, უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იქნება გადადგმული“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში.

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, კრიზისის პირობებში, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მაშინ, როდესაც ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა და სამწუხაროდ, ისინი ნელ-ნელა გადაადგილდებიან სოციალური იერარქიით ერთი ნაბიჯით ქვემოთ, ეს არის სწორედ სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ადამიანებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში“, - განაცხადა გახარიამ.