მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს დეკემბერ-იანვრის თვეში იჯარის გადასახადი მოეხსნებათ, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია/საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია/საურავების დინებაც შეჩერდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათი ქვემოიჯარეებსაც შეეხებათ.
„არსებული პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდა ზოგადად ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი გახდა დიდი დარტყმის და დიდი ზეწოლის ქვეშ. ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს მთელი რიგი დახმარებების პაკეტი გავაკეთეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვადასხვა ტიპის შეღავათები გაუკეთდა მეწარმეებს. წინა მთავრობის სხდომაზე ვიცე მერს დაევალა მოემზადებინა კონკრეტული პაკეტი, რომ ჩვენ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. პირველ რიგში შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან პანდემიის გამო დაწესებულია შეზღუდვები დეკემბერ-იანვრის თვეებში ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებშიც და ასევე, ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია/საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია/საურავების დინებაც შეჩერდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მინიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, მათზეც აღნიშნული შეღავათები, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს“,- განაცხადა კალაძემ.