ერთი წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია მძვინვარებდა მსოფლიოში, საქართველოში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთი დღით არ გაჩერებულა, ტემპი არ დაგვიგდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიას განმარტებით, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ფიზიკური სამუშაო პროცესი არ გაჩერებულა და ეს მიდგომა გაგრძელდება.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში კაპიტალური ხარჯები არ შემცირდება. ვერ გაიზრდება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ არ შემცირდება. როგორც შედეგი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გაცემული დაპირების შესაბამისად, 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალი დასრულებული იქნება. რა თქმა უნდა, არჩევანი გვექნება და ეს არჩევანი არ იქნება მარტივი - არც წლევანდელ ბიუჯეტში, როდესაც ბიუჯეტზე მუშაობას დავიწყებთ და არც მომავალი წლების ბიუჯეტში. არჩევანი გვექნება ასეთი სახის - მაგალითად, ავაშენოთ თუ არა, არა ჩქაროსნული მაგისტრალი, არამედ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რომელიმე გზა, თუ წესრიგში მოვიყვანოთ რომელიმე დასახლებული პუნქტის წყალმომარაგება და ეს არჩევანი გასაკეთებელია ყველას, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, განსაკუთრებით სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, ქვეყანაში ტემპები არ დავარდება. ტემპები წელს იქნება უკეთესი, ვიდრე იყო შარშან და მომავალ წელს იქნება კიდევ უკეთესი, ვიდრე - წელს, თუმცა სიჩქარე შეიძლება შემცირდეს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას რაიმე პირდაპირი ზემოქმედება ექნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.