„პანდემიამ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 11.2%-ით შეამცირა“ - 3 მიზეზი, რამაც მოხმარება შეამცირა

2020 წლის იანვარ-ნოემბერში COVID-19 პანდემიამ ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად შეამცირა.

ამის შესახებ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მოხმარება წლიურად 11.2%-ით არის შემცირებული. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება შესაძლოა, აიხსნას - შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, კრიპტოინდუსტრიის მკვეთრი ვარდნით და თითქმის განულებული ტურიზმით.

ამასთან, როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წლის 11 თვეში რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება და 2.2 ტვტ. სთ. შეადგინა (+24% წ.წ.). აღნიშნული ენგურის მთლიანი გენერაციის 88%-ს შეადგენდა ანალოგიურ პერიოდში.

„აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთ სულზე მოხმარება 3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. აფხაზეთი წლის განმავლობაში 8,1552 კვტ. სთ. ელ. ენერგიას მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე 2020 წლის განმავლობაში. დანარჩენ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე 2,542 კვტ. სთ. შეადგენდა. აფხაზეთის მაღალი მოხმარება ძირითადად „უფასო“ ელ. ენერგიით და კრიპტომაინინგით შეიძლება აიხსნას,“-ვკითხულობთ მიმოხილვაში.

თაია არდოტელი