ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები „პენსიას, სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც ჭამს“. ამის შესახებ ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70% მედიკამენტებზე გადახდილი საფასურია.
„ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი პრობლემაა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა, ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი - ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება“, - განაცხადა ხუნდაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა, რა ეტაპზეა ქვეყანა ამ მიმართულებით და ვაქცინაციასთან დაკავშირებით რა მოლოდინია?
„სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, როგორც მთელ მსოფლიოს. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების ფაზა, შემდეგ, წინასწარ ჩვენს მიერ პროგნოზირებული შესაძლო მეორე ტალღა, რომელიც რეალობად იქცა. სიმძიმემ მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ, რომ გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო სხვადასხვა მიმართულებით - ქუჩაში პოლიტიკური აურზაური ამ პრობლემის დამძიმების ბიძგი აღმოჩნდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.