„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებული რეფორმა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი"

„იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი საკმაოდ მაღალია და ამავდროულად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების კეთება, ხომ არ იქნება კარგი, რომ კერძო საჯარო პარტნიორობა განსაკუთრებულად განვავითაროთ“,- ამ კითხვით მიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, ნინო წილოსანი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმით და ამ მიმართულების განვითარებაზე პრემიერ-მინისტრობის ხედვით დაინტერესდა.

„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით თქვენს მიერ გაჟღერებული რეფორმის დაწყება არის მნიშვნელოვანი.

ასევე, თქვენს სამთავრობო პროგრამაში იყო კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ-ნაკლებად მასშია და გამოიწვევს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და გარკვეულწილად, ინვესტორების მოზიდვას. მინდა გკითხოთ კონკრეტულად PPP-ის განვითარებასთან დაკავშირებით, კერძო საჯარო პარტნიორობას ვგულისხმობ. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ვალი საკმაოდ მაღალია და ამავდროულად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების კეთება და წინ კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტის გაკეთება გვიწევს, ხომ არ იქნება კარგი, რომ კერძო საჯარო პარტნიორობა განსაკუთრებულად განვავითაროთ და დაფინანსების თანამონაწილე გავხადოთ კერძო სექტორი, რომელიც ასევე ეფექტიანად მართავს ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საზოგადოებრივი ინტერესიც ამ კუთხით იქნება დაკმაყოფილებული. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პოზიტიურად აფასებთ ამ მიმართულების განვითარებას, მაგრამ მაინტერესებს, რა პროაქტიული ნაბიჯები ექნება თქვენს მთავრობას იმისთვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ?“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.