ვის ეკუთვნის და როგორი იყო ტექნიკის მსხვილი მაღაზიების შემოსავლები პანდემიამდე

24 დეკემბრიდან ყველა მაღაზია, რომელიც არასასურსათო პროდუქტით ვაჭრობს, დროებით, 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნება. მათ შორის, ეს შეეხება ტექნიკის როგორც მსხვილ რითეილერებს, ასევე არაბრენდულ მაღაზიებს.

პანდემიის გამო რითეილერებს წელს მუშაობა ახალ რეალობაში მოუწიათ. გარდა იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა დახურულები არიან, კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 2020-ში უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, მათ შორის, ეს ეხება მსხვილ რითეილერებს. ეს 2020 წელს, თუმცა ბრენდული მაღაზიების ნაწილისთვის მომგებიანი არც 2019 წელი ყოფილა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორი იყო ტექნიკის მსხვილი მაღაზიების ფინანსური მდგომარეობა პანდემიამდე, 2019 წელს.

„ელიტ ელექტრონიქსი“

„ელიტ ელექტრონიქსი“ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია ფლობს 17 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, 5 მდებარეობს თბილისში, 2 - ბათუმში და 10 სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთანავე, კომპანიას გააჩნია 5 ფრანჩიზული მაღაზია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„ელიტ ელექტრონიქსში“ დასაქმებულია 570 ადამიანი. კომპანია ვაჭრობს 50-მდე სხვადასხვა მწარმოებლის 5,000-მდე დასახელების სხვადასხვა საქონლით. კომპანიის აქციონერები არიან: შპს „ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ“ -51% (ისრაელი); შპს „სი5 ინთეგრეიშენ“ - 49% (ისრაელი).

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით „ელიტ ელექტრონიქსი“ არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშის მიხედვით, „ელიტ ელექტრონიქსის“ 2019 წლის შემოსავალი ჯამში 176,973 მლნ ლარს შეადგენდა, აქედან საიჯარო შემოსავალი იყო 247 000 ლარი, მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი - 253 000 ლარი, რეალიზაციიდან შემოსავალმა კი 176,473 მლნ ლარი შეადგინა. ანგარიშგების მიხედვით, გაყიდული საქონლის თვითღირებულება შეადგენდა 141,485 მლნ ლარს. 2019 წელი „ელიტ ელექტრონიქსმა“ 1,397 ლარის სუფთა მოგებით დაასრულა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივებმა 95,711 მლნ ლარი შეადგინა.

„ბეკო“ - (შპს „ტექნოჰაუსი“)

შპს „ტექნოჰაუსი“ დაარსდა 2009 წლის 23 აპრილს. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია (100% წილის მფლობელი) იუსუფ ბაშარი. კომპანიის დირექტორია მეჰმედ მელექი. „ტექნოჰაუსი“ წარმოადგენს მსოფლიო ბრენდების „ბეკოს“, „ბლომბერგის“, „გრუნდიკის“, „ალტუსის“, „მილენის“, „სანის“, „ვოქსის“ ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია აწარმოებს როგორც საცალო, ასევე სადილერო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვას, აგრეთვე პროდუქცია ექსპორტზე გააქვს ყირგიზეთსა და სომხეთში.

შპს „ტექნოჰაუს“-ი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მაშტაბით 65 სავაჭრო წერტილს ფლობდა, აქედან 6 არის მისი კუთვნილი მაღაზიაა. კომპანია საქართველოს მაშტაბით 8 ოფიციალური სერვის ცენტრს აერთიანებს და სერვისული მომსახურებით მთელს საქართველოს ფარავს. კომპანიაში 125 ადამიანი მუშაობს.

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ტექნოჰაუსი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

ამავე ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 41,430 მლნ ლარი, აქედან შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან იყო 35,982 მლნ ლარი, შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან ექსპორტი - 5, 548 მლნ ლარი. ამასთან, გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 32,195 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება იყო 1,606 მლნ ლარი. 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი აქტივები შეადგენდა 31,400 მლნ ლარის.

„ალტა“

შპს „ალტა რითეილი“ (ალტა) „ალტაოქეის“ რებრენდინგის საფუძველზე 2019 წელს შეიქმნა, როდესაც „ალტამ“ „ოქეისგან“ 50%-იანი წილი შეიძინა.

2019 31 დეკემბრის მდგომარეობით „ალტა რითეილის“ 100%-ს ფლობს შპს „ალტა“. ამ უკანასკნელს კი 11 მეწილე ჰყავს. სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „ალტაში“ ყველაზე დიდ წილს - 47,32%-ს ირაკლი კაკაბაძე ფლობს (ამერიკის მოქალაქე), 31,92%-იანი წილის მფლობელია თეა კაკაბაძე, 7,38%-ს ფლობს ნანა კასრელიშვილი, 5,34%-ს - ლევან ნიკოლაიშვილი, 2,25%-ს - კახა ჭოველიძე, 2%-ს - დავით სოფრომაძე, 1,14%-ს ზურაბ ტაბიძე, ნინო ქანთარია და ანა დავითაშვილი - 0,4-0,3%-ს.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ალტა რითეილი“ 2019 წელს წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 ქალაქში 12 მაღაზიითა და ინტერნეტ მაღაზიით. კომპანიაში 2019 წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებული იყო 300-მდე ადამიანი, რომელთაგან 52% ქალია, 48% მამაკაცი.

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით „ალტა“ არის პირველი კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2019 წელს „ალტა რითეილის“ მთლიანმა ამონაგებმა 121,454 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, შარშან „ალტა“ მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო 109,864 მლნ ლარი. მთლიანმა ზარალმა კი 2,480 მლნ ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივებმა 36,912 მლნ ლარი შეადგინა.

„მეტრომარტი“

2018 წლის ანალოგიურად, ზარალით დაასრულა 2019 წელი მსხვილი საოჯახო ტექნიკის რითეილერმა „მეტრომარტმა“. კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, ზარალის მოცულობამ შარშან 2,457 მლნ ლარი შეადგინა. (2018 წელს - 1,157 მლნ ლარი)

რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება: შემოსავალი - 44,727 მლნ ლარი; გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება - 38,104 მლნ ლარი; საერთო მოგება - 6,623 მლნ ლარი, სრული ხარჯი - 6,663 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივები შეადგენდა 16,671 მლნ ლარს.

შპს ”მეტრომარტი“ 2012 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ელექტრონული მოწყობილობების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია. 2019 წლის ამონაწერით კომპანიის 50%-ს ფლობს შპს „ალტა“, 16.67%-ს ნინო ფირცხალავა; 33,33%-ს ანუშ ოგანისიანი, სომხეთი.

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „მეტრომარტი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

„ვესტელი“ (მატექს ჯორჯია)

კომპანია „მატექს ჯორჯია“ 20 წელიწადზე მეტია ქართულ ბაზარზეა. კომპანიის 50%-50% ფლობენ ჯენგიზ და ჰუსეინ მათარაჯები, კომპანიის დირექტორები არიან ჯენგიზ მათარაჯი და ჰალილ სემიზ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 700 ლარს.

კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „მატექს ჯორჯია“ (ვესტელი) არის მესამე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

რაც შეეხება შემოსავლებს, ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „ვესტელის“ შემოსავალმა 12,452 მლნ ლარო შეადგინა, საიდანაც საქონლის გაყიდვიდან კომპანიამ მიიღო 9,783 მლნ ლარის შემოსავალი, მომსახურების გაწევიდან - 129 787 ლარი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო 7,042 მლნ ლარი. ძირითადი საშუალებების რეალიზაციით მიღებულმა ზარალმა 4,160 ლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივების მოცულობამ 5,014 მლნ ლარი შეადგინა.

„მეგატექნიკა“

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „მეგატექნიკა“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 2019 წელს იყო 55,510 მლნ ლარი. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენდა 44,839 მლნ ლარს. გასულ წელს „მეგატექნიკას“ საოპერაციო მოგება იყო 5,333 მლნ ლარი, ამასთან, 2019 წელი კომპანიამ 4,512 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. „მეგატექნიკას“ მთლიანი აქტივები 36,934 მლნ ლარს შეადგენს.

შპს ”ომეგა“ (ბრენდი - მეგატექნიკა) დაარსდა 1996 წელს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50%-იან წილს თამარ გაბრიელაშვილი, 50%-ს კი გრიგორი გუდავაძე ფლობენ. კომპანიას დასაქმებული ყავს 150 ადამიანი

„ზუმერი“

„ზუმერი ჯორჯია“ 2009 წელს დაარსდა. კომპანია ახორციელებს საბითუმო და საცალო ვაჭრობას ტექნიკით და აქსესუარებით. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილები ასეა გადანაწილებული: გოჩა სამხარაძე - 40%, ვაჟა რეხვიაშვილი - 20%, დიმიტრი კიკაჩეიშვილი - 20%, ლევან გაფრინდაშვილი - 10%, დავითი კვარაცხელია - 6%, გიორგი თუთარაშვილი - 4%.

2019 წლის კომპანიის ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, „ზუმერი“ არის მე-2 კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.

რაც შეეხება ფინანსებს, ინდივიდუალური ანგარიშგების მიხედვით, შარშან კომპანიის ამონაგებმა შეადგინა 167,858 მლნ ლარი, გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება იყო 156,435 მლნ ლარი. ამასთან, „ზუმერმა„ 2019 წელი 1,163 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

„ზუმერი ჯორჯია“ არის ციფრული ტექნიკის იმპორტიორი საქართველოში. გარდა ამისა, საქონლის მინიმალური რაოდენობის შესყიდვა ხდება სხვადასხვა ადგილობრივი მომწოდებლისაგან. კომპანიის გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მოდის თავისივე იმპორტირებულ საქონელზე.