საკუთრების უფლების სივრცეში შესვლა საკმაოდ რისკის შემცველია, ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნაც არის საკმაოდ რთული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, როდესაც საკუთრების თემასთან დაკავშირებით დეპუტატმა ლადო კახაძის მოსაზრებას გამოეხმაურა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, სამართლიანობის პრინციპიდან საკუთრების უფლების სფეროში შეჭრა არის უდიდესი რისკის შემცველი და ამის გაკეთება ასე მარტივად ვერ მოხერხდება.
„საკუთრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უკიდურესად ფრთხილად. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ან სამართლიანობის პრინციპის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების სივრცეში შესვლა საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდორას ყუთია, რომელის გახსნაც არის საკმაოდ რთული. ამას დრო სჭირდება, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების სჭირდება. სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი კონკრეტული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც შეიძლება საბოლოო შედეგი დადგეს. თუმცა, სამართლიანობის პრინციპიდან საკუთრების უფლების სფეროში შეჭრა არის უდიდესი რისკის შემცველი და ამის გაკეთება ასე მარტივად ვერ მოხერხდება. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება. ნებისმიერი ეკონომიკური კეთილდღეობა, განვითარება, ბიზნესი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ან ნებისმიერი სხვა ინვესტიციები ეფუძნება იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც საკუთრების უფლება ჰქვია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან“, - განაცხადა გახარიამ.
საკუთრების თემასთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე დეპუტატმა ლადო კახაძემ მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, ამ საკითხზე ხელისუფლებას ლიბერალური მიდგომა უნდა ჰქოდეს.
„ჩვენ დამოუკიდებლობის მერე ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ისტორიული ფაქტები ბევრი წაიშალა და ადამიანები ზოგჯერ დარჩნენ მთავრობების ამარა. არის ძალიან მწვავე საკითხი და როგორც ყოფილ მაჟორიტარს, ეს გამოვლილი მაქვს. იქნებ სახელმწიფოს მხრიდან იქნას წახალისებული კი არა, უფრო გაადვილებული იმ საკუთრების აღიარების თემა, რომლის წინაშეც დგას მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. იქნებ ცოტა ლიბერალური მიდომა იყოს. 30 წელი გავიდა, 40, 50 წელი გავიდა, რაღაც ვადით ჩავკეტეთ ეს თარიღი, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად არ იყოს საკითხი კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული და შეჭირვებულ მოსახლეობაში ჩვენი მხარდაჭერა ამით გამოვუთქვათ“, - განაცხადა კახაძემ.