წამყვანი ამერიკული აიაკომპანიები United Airlines და American Airlines ემზადებიან ათასობით დათხოვნილი თანამშრომელი სამსახურებში აღადგინონ. თავის დროზე, ისინი კომპანიებმა პანდემიის გამო შექმნილი სირთულეების შედეგად დაითხოვეს. როგორც ტელეკომპანია CNN გვატყობინებს, აღნიშნული ნაბიჯი ავიაკომპანიების მხრიდან იყო რეაქცია ამერიკის კონგრესის მიერ ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის დამტკიცებაზე, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას მათ შორის ავიაკომპანიებისთვის.
როგორც CNN წერს, United Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა სკოტ კერბიმ სამშაბათ დილას კომპანიის თანამშრომლებს დაუგზავნა კორპორაციული წერილი, რომელშიც ატყობინებს, რომ კომპანია გეგმავს მათ აღდგენას უწინდელ პოზიციებზე.
თავის მხრივ, American Airlines-ის ხელმძღვანელობამ ასევე გამოაცხადა მზაობა რამდენიმე ათასი თანამშრომლის უკან დაბრუნებაზე, რომლებიც უხელფასო შვებულებაში ჰყავდა გაშვებული.
სულ ჯამში დაკარგულ პოზიციებს დაუბრუნდება 32 ათასი ადამიანი. სტიმულირების პაკეტით გათვალისწინებული სახსრები საკმარისია მათი ანაზღაურებისთვის 31 მარტამდე.
ცნობისთის, აშშ-ის კონგრესმა 900 მილიარდამდე აშშ დოლარის მოცულობის ახალი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენაა.