საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ.
კობახიძის ინიციატივაა, რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართოს, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია იქნება ცნობილი. აღნიშნული ინიციატივით კობახიძე პლენარულ სხდომაზე გამოვიდა, სადაც პირველი მოსმენით პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელშია გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში ან გნებავთ - ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე, დაველოდოთ ვენეციის კომისიიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით.
ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში, დაველოდოთ მათ პასუხს და სადღაც იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას ერთი, მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ საბაბიც არ დარჩება ამ კანონპროექტების მიმართ კრიტიკისთვის და შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად წელში გამართულიც და ასევე პირნათელი ყველას და ყველაფრის მიმართ. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ სამართლებრივ დასკვნას,“- განაცხადა კობახიძემ.