შეზღუდვების შემსუბუქებამდე ერთი დღით ადრე, ჯერ ისევ არ იცის სავაჭრო ცენტრ ,,საბას“ მფლობელმა, მიეცემათ თუ არა მუშაობის განახლების უფლება.
პაატა კაჭარავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მათ ცენტრში უსაფრთხოების პირობები სრულად არის დაცული და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება არ მიეცეთ ფუნქციონირების განახლების უფლება.
,,გუშინ, საღამოს 5 საათამდე ვიცოდით, რომ არ ვიხსნებოდით, შედეგ ყველამ - შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, ცხელმა ხაზმა და ყველა უწყებამ დაგვიდასტურა, რომ მუშაობის დაწყება, ფუნქციონირების განახლება ჩვენც შეგვიძლია. ღამის 11 საათზე კი ეკონომიკის მინისტრისაგან ტელე ეთერიდან შევიტყვეთ, რომ არ ვიხსნებით, რადგან ბაზრობის სტატუსი გვაქვს. ამ დროს, ჩვენთან ბევრად უფრო მეტადაა დაცული უსაფრთხოება, ვიდრე სხვაგან და შეხვედრაზე, ამის გამო ეკონომიკის მინისტრმა არაერთხელ გვიწოდა სამაგალითო. იონიზებული ჰაერი მიეწოდება ყველაზე დიდ დარბაზს, ულტრა იისფერი სხივები გვიყენია, პლიუს ადამიანი, რომელიც აკონტროლებს და სენსორულ კართან ვიდეოკამერაა, რომელსაც რობოტის ფუნქციაც აქვს და ამოწმებს სიცხეს და პირბადეს. აქამდეც ვითვლიდით თუ რამდენი ადამიანი იქნებოდა ჩვენს სივრცეში. არ ვიცი, სადმე უკეთესად თუ არის დაცული პირობები.
საგადასახადო კოდექსის 26 მუხლის ვალდებულებაა, რომ თუ 10 ობიექტზე მეტი გაქვს გაქირავებული, გაქვს ბაზრობის სტატუსი. ამ ნორმით, მოლებსაც უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, ხომ ლოგიკურია? მოლის ასეთ სტატუსს არ ცნობს კანონი. ან ყველასთვის უნდა გაიხსნას ან არავისთვის. ეს მდგომარეობა, ერთის მხრივ არღვევს კონკურენციის პრინციპს, როცა ნაწილი ივაჭრებს წინა საახალწლოდ და ნაწილი ვერა. მეორეს მხრივ კი პრობლემაა ინფორმაციის არადროული მოწოდება. ბევრმა მოვაჭრემ, უკვე იყიდა საქონელი, რომელიც მხოლოდ საახალწლოდ იყიდება, რადგან პირობა არსებობდა, რომ გავიხსნებით. ასევე გაუგებარია რა გარდაუვალი აუცილებლობაა გახსნა ერთი კვირით, რაც ეპიდსიტუაციას უდავოდ დაამძიმებს და ეჭვქვეშ დააყენებს გახსნის საკითხს შემდგომ“-აცხადებს ,,საბას“ მფლობელი.
კაჭარავა თქმით, სახელმწიფო სათანადოდ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომელთა შემოსავალიც ყოველდღიურად გამომუშავებული თანხაა.
,,მე, მართლა არ ვსაუბრობ ახლა იმიტომ, რომ მე მომაკლდება შემოსავალი. მე გავუძლებ ამ პერიოდს. უბრალოდ, ბევრი უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რას იზამს ის ხალხი, რომლებიც დასაქმებულები არიან და ყოველდღიურად გამომუშავებული ფულით არჩენენ ოჯახებს. იმათმა როგორ უნდა გაართვან ამ პერიოდს თავი, ნამდვილად არ ვიცი. მათ უკან ოჯახები დგას. სტუდენტები, რომლებიც ონლაინ სწავლობენ, თუმცა ისევ იხდიან გადასახადს და მედიკამენტების და საკვების ხარჯი, რომელიც მუდმივად მზარდია“, -აცხადებს პააატა ქარჩავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოლების და მაღაზიების ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეგულაციების შემსუბუქება არ შეეხოთ ბაზრობებს.