East Fruit-მა საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების რეიტინგი გამოაქვეყნა - რომელი ქსელები მოხვდა სიის სათავეში?

სუპერმარკეტების ქსელმა ფრესკომ საქართველოს რითეილ ბაზარზე ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ასევე, დაწინაურდა Libre და მე-7 ადგილიდან მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და EU4Business მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების კვლევებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში ატარებს.

თითოეული სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ტრადიციული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: პროდუქტის ხარისხი, ასორტიმენტი, სექციის წარმოჩინება და ფასი. მსგავსი კვლევა 2019 წელსაც ჩატარდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს სურათი მკვეთრად შეიცვალა.

აღნიშნული ოთხი კომპონენტის ჯგუფური შეფასების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ხილ-ბოსტნეულის განყოფილების მიმართულებით, საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა.

sqrini1-1608728123.jpg

East Fruit-ის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით გაუარესდა კომპანია Carrefour-ის პოზიციები, რომელმაც მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. პოზიციების ასეთი მკვეთრი გაუარესება კი ხარისხის ვარდნამ და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში Nikora-მ AgroHub-ს გაუსწრო ხარისხის ზრდის ხარჯზე, თუმცა, ასორტიმენტის მრავალფეროვნების კუთხით, ის AgroHub-ს ჩამორჩება.

კვლევის თანახმად, 2019 წელთან მიმართებაში, პოზიციები გაიუმჯობესა სუპერმარკეტების ქსელმა „ორმა ნაბიჯმა“, რომელმაც ბოლოდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც East Fruit-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებშია აღნიშნული, გაუარესდა ხილ-ბოსტნეულის სექციის მდგომარეობა Goodwill-ში. ამასთან, ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა, ხარისხიც დაეცა. Goodwill-მა რეიტინგში ბოლო ადგილი დაიკავა.

East Fruit-ის საერთაშორისო მკვლევარების მიერ ასევე დეტალურად შეფასდა სუპერმარკეტში ხილ-ბოსტნეულის სექციის ხარისხით, ისეთი კრიტერიუმებით როგორიცაა: მომსახურების ხარისხი, მერჩენდაიზინგი/განლაგება, მოხმარებელთან ფასების შესახებ სრული ინფორმაციის დროული მიწოდება და ფასმაჩვენებლების სისწორე. ამ მიმართულებითაც Fresco-მ, Carrefour-თან ერთად ლიდერობა, 2019 წლის მსგავსად შეინარჩუნა.

sqrin-1608728156.png

2020 წლის კვლევის მიზანი, წინა წლის შედეგების შედარება და დინამიკაზე დაკვირვება იყო. „ხილ-ბოსტნეულის კატეგორია, ამ ტიპის ქსელური ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტია, შესაბამისად, ჩვენი კვლევა მაქსიმალურად დამოუკიდებლად და ობიექტურად ჩატარდა“ - ნათქვამია კვლევის გამოქვეყნებულ ანგარიშში.