„ეს წესი ხელოვნურად გაზრდის რიგებს მოლებთან“ - რითეილერები შეზღუდვების ნაწილის გადახედვას ითხოვენ

ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით, მოლებს ფუნქციონირების უფლება მიეცემათ, თუმცა მკაცრი შეზღუდვების ფონზე. ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ICR-ჯგუფი-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ შეზღუდვების ნაწილი გადასახედია.

კახა ხაზარაძის თქმით, პირველ რიგში გადასახედია 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვების საკითხი. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი 10 კვადრატულამდე უნდა შეიცვალოს.

,,უფრო ადრე გახსნა იქნებოდა ბევრად სასურველი, რადგან მოგვეცემოდა ნაკადების ბევრად მარტივად მართვის შესაძლებლობა. ეს არ იქნა გათვალისწინებული, მეტიც გუშინდელ დღემდე არ იყო ცნობილი, მოგვცემდნენ თუ არა გახსნის უფლებას საერთოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავწიეთ ეს რისკი და დავიწყეთ მზადება 24 დეკემბრისთვის და ბოლო ორი კვირაა შევძელით სრულად დაგვეორგანიზებინა პროცესი.

ვიხსნებით, მაგრამ რეგულაციები მაინც არის ძალიან მკაცრი. მოლაპარაკებების დროს, ჩვენ ვიცოდით, რომ დაშვებული 5 კვადრატული მეტრიდან უნდა გაზრდილიყო 10 კვმეტრამდე, თუმცა მოულოდნელად გავიგეთ, რომ ერთი ადამიანისათვის უნდა იყოს არანაკლებ 20 მეტრკვადრატისა ერთ ადამიანზე. ვთვლით, რომ ეს ხელოვნურად გაზრდის რიგებს მოლებთან. ამიტომ, კარგი იქნება ამ ციფრების კორექტირება. დღეს 7 საათზე გვაქვს შეხვედრა შრომის ინსპექციასთან და ვეცდებით, მივაწოდოთ ეს საკითხები, რაც უნდა გადაიხედოს. ოპტიმალური იქნება, რომ მოხდეს 1 ადამიანზე 10 კვადრატულის განსაზღვრა.

ასევე პრობლემურია დრო, დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, მაშინ როცა კომენდანტი 9 საათზე იწყება და შეგვეძლო 8 საათამდე გვემუშავა.

მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არ იმუშავებს გასახდელები და ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ტრაფიკის სწრაფ მომსახურეობას. პრობლემატურია ისიც, რომ საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით 1 თებერვლიდან იქნება პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელი. ამის გადახედვაც აუცილებელია.

მინდა ავუხსნა ადამიანებს, რომ ჩვენთვის არ არის კომერციულად მომგებიანი ეს 8 დღიანი გახსნა, უბრალოდ შესაძლებლობა გვექნება, დეკემბრის ანაზღაურება გადავუხადოთ პერსონალს. მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით 25 000 ადამიანის გადაყვანა მოგვიწევს ყოველდღე და საღამოს დაბრუნება, მხოლოდ ეს საკითხი 1 მლნ-ზე მეტი გვიჯდება. ასე რომ ჩვენთვის, ეს უფრო სოციალური პასუხისმგებლობაა“ - აცხადებს კახა ხაზარაძე ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი