საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებას გარკვეული რისკები ახლავს, თუმცა რადგან შეზღუდვები პირდაპირ გადის მოქალაქეების და ბიზნესის შემოსავალზე, "გარკვეულ რისკებზე წავიდნენ".
ხუნდაძის თქმით, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა მნიშვნელოვანია ბიზნესს სუნთქვის საშუალება მიეცეს, რადგან მასზე სამუშაო ადგილებია დამოკიდებული.
ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე გადაწყვეტილება სწორედ იმ პასუხისმგებლობის გამო დააგვიანა, რაც უნდა სდევდეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას.
„რა თქმა უნდა ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ხელისუფლებას გარკვეულწილად მრავალმხრივი საკითხების გათვალისწინება უწევს. უპირველესი და შეუცვლელია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბლოკიც აბსოლუტურად, მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ თითოეული მოქალაქის შემოსავალზე გადის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგჯერ, თუკი სუნთქვის საშუალება არის, მივცეთ ბიზნესს, რადგან ამაზე არა მხოლოდ ბიზნესმენებისა და ბიზნესის შემოსავალი, არამედ სამუშაო ადგილებია დამოკიდებული - მისი არსებობა. ამიტომ ყველაფერი იქნა გათვალისწინებული და გარკვეულ რისკებზე წავედით. თუმცა, რისკების მინიმიზაციაზე, ხელისუფლების გარდა, პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც აკისრია. რა თქმა უნდა ვშიშობ, რისკებს შეიცავს, ამიტომ საზოგადოებისთვისაც და ჩვენთვისაც ხვალინდელი დღე, 8 დღე, როცა შეზღუდვები შემსუბუქებული იქნება, გამოცდა იქნება, თუ როგორ გავითავისეთ, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, როგორ ვართ მზად, რომ შემდეგი პერიოდი ასეთ რეჟიმში ცხოვრება მოგვიწევს“,- აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ვაქცინა უკვე რეალობაა და ხელისუფლება ზრუნავს, რომ მაღალი ხარისხის ვაქცინა ქვეყანაში სწრაფად შემოიტანოს, მაგრამ „ადაპტაციის გზა ჯერ კიდევ გრძელია“ და დასძინა: „ხვალინდელი და შემდგომი დღეები იქნება გამოცდა, თუ ჩვენ ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ, ე.ი. შემდეგი პროცესების მართვა საზოგადოებასთან უფრო მეტად იოლი იქნება და რისკებიც უფრო მეტად იქნება შემცირებული“.
მისივე თქმით, აღნიშნულს გარკვეული ნეგატიური შედეგი, ალბათ, ექნება, მაგრამ ეს რაც შეიძლება, ნაკლები უნდა იყოს.