უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების გადასახადს შემოსავლების სამსახური 2021 წელს ისევ გადაიხდის, თუმცა მხოლოდ 10 თვის განმავლობაში. უკვე 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან ბიზნესს ამ გადასახადის გადახდა მოუწევს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილება უკვე შევიდა. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ივანე მაჭავარიანის მიერ 22 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაში ვკითხულობთ: „2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი მარკირების საფასურის გადასახადისგან მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით იქნება გათავისუფლებული.
ცნობისათვის, უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების პროცესის უზრუნველსაყოფად კონტრაქტორის შერჩევა შემოსავლების სამსახურს, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი პროდუქციის მწარმოებელს დაევალა.
კონტრაქტორად შ.პ.ს SICPA Security Solutions Georgia შეირჩა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SICPA HOLDING-ის შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შემოსავლების სამსახური უკვე წლებია იხდის მარკირების საფასურს.