„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, რის შედეგადაც, ფერმერებმა 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
უწყების ცნობით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა.
„არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდდნენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პირობა ამოქმედდა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში. „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულ საწარმოებს საბრუნავი საშუალებებისთვის შეღავათიანი კრედიტის მიღება შეეძლოთ არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და გადამუშავების მიზნობრიობით. გაცემული თანხის ოდენობა 8,600,000 ლარს აღემატება“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.