მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 10 წლისაა. როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე 10 წელია სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა.
„საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ადგილობრივებს და უცხოელებს ბარიდან მთაში მოხვედრას უმარტივებს და დროის მაქსიმალურად დაზოგვაში ეხმარება.
აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. ტერმინალისა და ასაფრენი ზოლის მშენებლობა 10 წლის წინ ერთდორულად დაიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, 3 თვეში დასრულდა. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.
შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, რეგიონში შეიქმნა დამატებითი სამუშო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო ტურიზმის სფეროს განვითარებას.
„მესტიის აეროპორტში, ამ ეტაპზე ჯამურად 55 ადამიანია დასაქმებული. აქედან უშუალოდ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომელი 17 ადამიანია. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი 10 წელია მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად აეროპორტისთვის აკეთებენ,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
მისი თქმით, თუ დედაქალაქიდან საავტომობილო გზას დაახლოებით 8-9 საათი სჭირდება, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენის მანძილი 50 წუთამდე მცირდება. ეს ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ,, სწორედ ამიტომაც, სვანეთი თავის პოტენციალის გათვალისწინებით და იმითაც, რომ მას საკუთარი აეროპორტი აქვს, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდა,-‘’ამბობს თამარ არჩუაძე.
მესტიის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ ჰერმანია. 2014 წელს, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა.