„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2020 წლის 1-ელი ივლისიდან 22 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ძალადობის შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის საარჩევნო კომისიების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მობილიზება საარჩევნო კამპანიისთვის, საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტირებისათვის და სხვა მანკიერი ტენდენციები არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუგვარებელ საკითხებად რჩება.
"აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოვლინდა. ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ასევე, გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. პრობლემური იყო 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის თავდაპირველი გამოყენების ფაქტი, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაზიანდა. საყურადღებო იყო არჩევნების დღეს და მის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, გამოვლენილი დარღვევები და სამართლებრივი დავების პროცესი. არჩევნების მეორე დღიდანვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაიწყო საუბარი არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ. ასეთ ბრალდებებს ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ბევრი შემთხვევის არსებობამ შეუწყო ხელი.
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ. ასევე წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა.
"საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა. გარდა ამისა, გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „კორონავირუსით” ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ. ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება; საანგარიშო პერიოდში ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის რამდენიმე სახეობის გამოყენების ტენდენცია დაფიქსირდა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება. ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას. წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება. ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება. 2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსი“. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „კორონავირუსის” გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა. ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც, ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის, ამომრჩევლის მოსყიდვის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები;
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად და ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ; საჭიროა, საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე; საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყვნენ პოლიტიკური პროცესებიდან და ისინი არ უნდა იქნენ გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;
თბილისის მერიამ პოლიტიკურ პარტიებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება არ უნდა შეუზღუდოს და „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“ უნდა გააუქმოს უკვე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები; საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე შეიძლება, შენარჩუნდეს შერეული შემადგენლობა და კომისიების ნაწილი დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით, მეორე ნაწილი კი პარტიების მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, მაგრამ არა დღეს მოქმედი გაუმართლებელი ფორმით: ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს და არა რამდენიმე წევრის, როგორც ეს ამჟამად არის;
მეორე ეტაპზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
კანონით უნდა გაიწეროს ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულები იქნებიან, ხელახლა გადათვალონ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ბიულეტენები; საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების მიღებისა და განხილვის ერთგვაროვანი პრაქტიკა უნდა შეიმუშაონ;
საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალებების დანერგვაზე; აუცილებელია, რომ საარჩევნო კომისიებმა სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო აგიტაცია აღიქვან კანონის დარღვევად და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები:
ამ პრაქტიკის შესაცვლელად, ასევე, შესაძლებელია, „საარჩევნო კოდექსში” წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების განმარტებაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ იგი სოციალური ქსელების პირადი გვერდის მეშვეობით აგიტაციასაც გულისხმობს;
ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას", - ნათქვამია ინფორმაციაში.