ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრიან.
პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამის საკვანძო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და ეკონომიკურ ნაწილზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა.
„სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მოიცავს 4 საკვანძო მიმართულებას. პირველი გახლავთ ეკონომიკური განვითარება, მე-2 - სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის მართვა, მე-3 - საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, მე-4 - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელმწიფო მმართველობა. აქ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევები, პრობლემები, რომლის მოგვარებაც მოუწევს ყველას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და დიდი ცვლილებები, ამ გამოწვევებში და ამ პროგრამის თვალსაზრისით არ ექნება და ვერ ექნება ვერავის. პირველი, ჩვენი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეკონომიკურ განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს, სახელმწიფოს სტრუქტურული გამოწვევა და პრობლემა გახლავთ სიღარიბის დაძლევა. სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საშუალება გახლავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რომელიც უნდა შექმნას თავისუფალმა, ძლიერმა ქართულმა ბიზნესმა, რომლის ოპერირების ერთადერთი ბუნებრივი და ეფექტური გარემო გახლავთ თავისუფალი ბაზარი“, - აღნიშნა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი ასევე გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ჯერ უნდა შეინარჩუნოს პანდემიის პირობებში და შემდეგ შექმნას ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები. „თუმცა ჩვენ, ხშირად გვითქვამს, რომ კერძო სექტორის, წარმატებული, ძლიერი ქართული ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ის ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული. კერძო სექტორის და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დამახასიათებელი კომპონენტი გახლავთ, რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც დღეს, გლობალური პანდემიის და როგორც შედეგი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში, ჩვენი ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დავუბრუნოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ჩვენ ვიწყებდით 2020 წელს. ამ მიზნის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური კონსოლიდაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს ხარისხობრივ და ეფექტიან მუშაობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობასაც, რამეთუ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ჩვენი საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო ეფექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.