გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გეგმავს, მომავალი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას კაპიტალურ ინფრასტრუქტურაში.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის ფონდები არის უაღრესად მოძველებული და ეს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის. ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, გზები, ჩვენი შვილების სკოლები, ბაღები და ა.შ. ყველა ეს ფონდები არის ძალიან მოძველებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ხარჯები მივმართოთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. ყველაფერთან ერთად, ეს არის ეკონომიკის ზრდის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით, კრიზისში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.