მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მისი თქმით, ხელისუფლებას არაორდინარულ გარემოში უწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება.
„გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ვინაიდან ერთად ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიასა და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს. ვერ გავაჩერებთ ქვეყანას მარტივი მიზეზის გამო - ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები. როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის და ეს აბსოლუტურად სწორად გვაქვს გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ - თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.