ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ამ დრომდე ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს, კერძო ბიზნესისა და ეკონომიკის გაჯანსაღებას ითვალისწინებს.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება.
„ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც პირველ რიგში არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი. ყველა ჩვენი რეფორმა, რაც დღემდე განგვიხორციელებია და რასაც უახლოეს 4 წელიწადში განვახორციელებთ, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ კერძო ბიზნესი, გავხადოთ ის სოციალურად პასუხისმგებლიანი და მთავარი მამომძრავებელი ძალა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში კოვიდის პერიოდში. ძალიან დატვირთული, რეფორმატორული დღის წესრიგი გვაქვს. კერძოდ, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს და ბევრი იგეგმება, იგივე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორს და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს“,-განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, 2021 წლისთვის ბევრი რეფორმა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ქვეყანა პანდემიის შედეგად გამწვეულ კრიზისს დაძლევს.
„ბევრი მნიშვნელოვანი, სასიკეთო ცვლილება და რეფორმა არის დაგეგმილი, რომელიც პანდემიიით გამოწვეულ კრიზისს დაგვაძლევინებს და ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყება. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ევროკავშირში გაბედული განაცხადი გავაკეთოთ“,-განაცხადა თურნავამ.